ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება

 ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება

სამწუხაროდ, ქართული განათლების ისტორიის საწყისი ეტაპისა და შესაბამისად, განათლების სისტემის წანამძღვრების ადრეული მახასიათებლების შესახებ ავთენტური ქართული წყაროები არ არსებობს და მათზე მსჯელობა მხოლოდ ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი. საქართველოს სახელმწიფოს შენების ადრეულ ეტაპზე ზედმეტია საუბარი განათლების სისტემის მოწყობაზე, თუმცა აღზრდის პროცესი მაინც მიმდინარეობს გარკვეული კანონზომიერებით. 

როგორც ვიცით, ქართულმა სახელმწიფომ განვითარების რთული გზა გაიარა მუდმივი შიდა თუ გარე ომებით. სხვადასხვა დამპყრობლების საუკუნოვანმა ბატონობამ მნიშვნელოვანი დაღი დაასვა ქვეყნის განვითარებას, რაც ცხადია განათლების მიმართულებითაც აისახა და მოგვცა ის რეალობა, რომ განათლების სისტემა ქართულ სახელმწიფოს რუსეთის მიერ ჩვენს ანექსიამდე არ ჰქონია. განათლების სისტემის ქართული მოდელის შესახებ მსჯელობა მაინც არის შესაძლებელი XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც იწყება „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მოღვაწეობა.

საქართველოში პედაგოგიკა, როგორც მეცნიერება, ჩამოყალიბდა XIX საუკუნის 70-იან წლებში და მის ფუძემდებლად აღიარებულია გამოჩენილი ქართველი პედაგოგი, მწერალი და პუბლიცისტი იაკობ გოგებაშვილი. ახალგაზრდობის სწავლა-განათლებისა და მისი ზნეობრივი აღზრდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქართველ მოაზროვნეებს მიაჩნდათ უდიდეს საზოგადოებრივ საქმედ. ისინი მოითხოვდნენ სახელმწიფო განათლების, ბეჭდვითი სიტყვის, ხელოვნებისა და მეცნიერების შემდგომ განვითარებასა და მათ ხალხის ინტერესებთან დაკავშირებას.

XIX საუკუნის 80-იანი წლების დამდეგიდან რუსეთის იმპერიაში დაიწყო პოლიტიკური რეაქცია, რაც გამოიხატა კოლონიური ჩაგვრის კიდევ უფრო გაძლიერებაში. ამიერიდან უფრო მეტად დაიწყო ქართული ენის დევნა და შევიწროება. განათლების დარგში რუსიფიკატორულ პოლიტიკას საქართველოში აქტიურად ატარებდა კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი კ. იანოვსკი. საქართველოში არსებულ ყველა ტიპის სკოლაში რუსული ენის სწავლება დაწყებითი კლასიდანვე გახდა სავალდებულო. ქართული ენა, როგორც არასავალდებულო საგანი, მხოლოდ პირველ და ნაწილობრივ მეორე კლასებში ისწავლებოდა. იმავდროულად, დაიწყო ქართველი მასწავლებლების შევიწროება.

განათლების დარგში რუსიფიკატორული პოლიტიკის ანტიპედაგოგიური ხასიათი დაუფარავად ამხილეს ეროვნული ძალების თვალსაჩინო წარმომადგენლებმა: ილია ჭავჭავაძემ, იაკობ გოგებაშვილმა, დიმიტრი ყიფიანმა და სხვებმა. მათ შეიმუშავეს ქართველობისა და საქართველოს გადარჩენისთვის ბრძოლის პროგრამა - ეროვნული მოძრაობის პროგრამა, რომელშიც უპირველესი მნიშვნელობა ენიჭებოდა ქართული ენის სიწმინდის დაცვასა და მის გადარჩენას. სწორედ ამ მიზნით 1879 წლის 15 მაისს დაარსდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“. საზოგადოების წესდება შემუშავებულ იქნა 1878 წლის 30 იანვარს, თუმცა მთავრობას მის დასამტკიცებლად ერთი წელი დასჭირდა. დიმიტრი ყიფიანმა ვრცელი განმარტება წარუდგინა მთავრობას წესდების პროექტის მესამე მუხლის შესახებ , რომელშიც აღნიშნული იყო: „საზოგადოება თავის საგანს მიაღწევს იმით, რომ სახალხო სკოლებში დაწყებით სწავლებას შემოიღებს ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე“. ცხადია ეს მუხლი ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლების რუსიფიკატორულ პოლიტიკას, თუმცა დიმიტრი ყიფიანმა აღნიშნული მუხლის მართებულობა დაასაბუთა ალექსანდრე II-ის 1861 წლის 30 აგვისტოს „რესკრიპტით“, რომელიც დედაენაზე სწავლებას აკანონებდა. შედეგად, 1879 წლის 31 მარტს წესდება დაამტკიცა მთავრობამ. იმავე წლის 15 მაისს თბილისის გუბერნიის საადგილმამულო ბანკის შენობაში ყიფიანის თავმჯდომარეობით და 45 დამფუძნებელი წევრის დასწრებით შედგა საერთო კრება, რომელმაც აირჩია საზოგადოების პირველი გამგეობა 7 წევრის შემადგენლობით: დიმიტრი ყიფიანი - თავმჯდომარე, ილია ჭავჭავაძე - მოადგილე, გამგეობის წევრები - იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, ივანე მაჩაბელი, რაფაელ ერისთავი და ალექსანდრე სარაჯიშვილი (მდივანი). საზოგადოების უმთავრესი მიზანი იყო შეექმნათ სკოლა, როგორც მძლავრი განათლებისა და კულტურის კერა. ასევე გაეწიათ დახმარება უკვე გახსნილი სკოლებისათვის. წესდების მიხედვით საზოგადოებას უფლება ჰქონდა დაეარსებინა სამკითხველოები და ბიბლიოთეკები, მოეწვია სკოლებისთვის გამოცდილი მასწავლებლები, ხოლო მასწავლებელთა დახელოვნებისთვის გაეხსნა კურსები, ჩაეტარებინა მათთვის შეკრებები, ასევე გამოეცა ქართულ ენაზე საყმაწვილო წიგნები და სახელმძღვანელოები.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან დაკავშირებით იაკობ გოგებაშვილი წერდა: „ამისთანა მაღალმნიშვნელოვანი საზოგადოება ჩვენში ჯერ არ დაბადებულა, მას დანიშნულებად აქვს ერის განათლება“. გოგებაშვილს მიაჩნდა, რომ საზოგადოებას ხელი უნდა შეეწყო „ახალი ტიპის ქართველის“ ჩამოყალიბებისთვის, რომელიც იქნებოდა პატრიოტი, ყოველმხრივ განვითარებული და სრულფასოვანი, რომლისთვისაც პატიოსანი შრომა იქნებოდა ბუნებრივი მოთხოვნილება. საზოგადოებამ შეიმუშავა განჩინება, რომლის საფუძველზე სკოლის გახსნა სოფელს უნდა მოეთხოვა. სოფელი სკოლის შენობისთვის გამოყოფდა მიწას, ააშენებდა შენობას და გაიღებდა ყოველწლიურად 350 მანეთს მასწავლებლის შესანახად. საზოგადოებას კი უნდა მოეძებნა სკოლისთვის შესაფერი მასწავლებელი. რადგანაც საზოგადოება ხშირად უსახსრობის გამო სკოლის შენახვას ვერ ახერხებდა, გაჩნდა იდეა, რომ აეყვანათ მოხეტიალე მასწავლებელი, რომელიც ივლიდა ადგილიდან ადგილზე და ყველგან გაავრცელებდა კითხვასა და წერას. ასევე ფიქრობდნენ, რომ გაეხსნათ მოძრავი სკოლები. სულ საზოგადოებამ გახსნა 33 სკოლა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა სახელმძღვანელოების შედგენასა და გამოცემას . 

საზოგადოებას უყურადღებოდ არ დაუტოვებია საქართველოს გარეთ არსებული ქართული დასახლებები, სადაც ადგილობრივი ქართველების მონდომებით ქართული სკოლები დაარსეს ვლადიკავკაზში, ბაქოსა და ნალჩიკში. იგი ასევე ზრუნავდა ბიბლიოთეკებისა და სამკითხველოების დაარსებასა და წიგნებით მომარაგებაზე. საზოგადოება შეუდგა ძველი ქართული ხელნაწერების შეგროვებასა და დაცვას. საზოგადოების საზრუნავი იყო ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების აღრიცხვა, შესწავლა და დაცვა. დაიწყეს ქართული ხალხური სიტყვიერების ნიმუშების შეკრება და გამოცემის ორგანიზება. ეს იყო უდიდესი კულტურულ-პატრიოტული მოძრაობა, რომელსაც მრავალი მოღვაწე გამოეხმაურა. საზოგადოების უშუალო დახმარებით მოხდა ქართული სამუსიკო ფოლკლორის, საერო და სასულიერო მრავალხმიანი სიმღერა-გალობის ჩაწერა ნოტებით, რაც აგრეთვე ძვირფასი განძის თავმოყრას უდრიდა. საზოგადოება მრავალი ახალგაზრდის სწავლას უზრუნველყოფდა რუსეთისა თუ ევროპის უნივერსიტეტებში, ზრუნავდა მწერალთა ყოფა-ცხოვრების საკითხებზე, მართავდა საზოგადო მოღვაწეთა იუბილეებს, ლიტერატურულ დილა-საღამოსა. თავისი არსებობის მანძილზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ორი დიდი სახალხო დღესასწაული მოაწყო. რაფაელ ერისთავის იუბილე 1895 წელს და აკაკი წერეთლის იუბილე 1908 წელს. მისივე ხარჯებით აიგო ილია ჭავჭავაძის ძეგლი, რომელიც საზოგადოებას თავმჯდომარეობდა 1885 წლიდან 1907 წლამდე . საზოგადოება არსებობდა 1927 წლამდე . ბოლო აქტი დაიწერა 1927 წელს, როცა ილია ჭავჭავაძის ქვრივი, ოლღა გარდაიცვალა და მისი ნივთები მუზეუმს გადაეცა.

ამგვარად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ფასდაუდებელი ამაგი დადო ქართული ეროვნული პედაგოგიური აზრისა და განათლების ეროვნული სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, ასევე ქართულ საზოგადოებაში ეროვნული სულისკვეთების გაღვივების საქმეში. სწორედ მათი დამსახურებაა ის, რომ საქართველომ შეინარჩუნა ქართული ენა, კულტურა და იდენტობა. 

ვფიქრობ, რომ საზოგადოება თავისი სტრუქტურიდან და წესდებიდან გამომდინარე იყო პირველი ეროვნული ნიშნის მატარებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანი, ეპოქის მოთხოვნილებიდან გამომდინარე , იყო ზოგადი განათლების და, უპირველეს ყოვლისა, წერა-კითხვის გავრცელება. საზოგადოებას სურდა შეექმნა ახალი ტიპის სკოლა და აღეზარდა ახალი თაობის, ეროვნული ნიშნის მქონე, ადამიანი. მიმაჩნია, რომ საზოგადოების მიზნები და ამოცანები იყო უნიკალური, ვინაიდან ეს იყო ქართული საგანმანათლებლო სისტემისთვის შექმნილი, უშუალოდ ქართველი ხალხის მიერ და არა გადმოტანილი სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, საზოგადოების მიერ შედგენილი გეგმა, რაც გაწერილი იყო მის წესდებაში, იყო პირველი ეროვნული განათლების სისტემის ჩანასახი. მართალია ამ სისტემამ ვეღარ მოახერხა განვითარება და მან მხოლოდ 47 წელი იარსება, მაგრამ ამასაც ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზები, რაც გამოიხატა იმაში რომ საქართველოს როგორც სახელმწიფოს ჰქონდა 70 წლიანი ისტორიული წყვეტა და საზოგადოებამაც ვეღარ შეძლო გაეგრძელებინა არსებობა. ვფიქრობ, საქართველოს რომ არ დაეკარგა დამოუკიდებლობა ჩვენი დღევანდელი განათლების სისტემა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ შემუშავებული ეროვნული ნიშნით განვითარდებოდა და დღეს, სრულიად შესაძლებელია, გვქონოდა განვითარებული და რეფორმირებული ეროვნული განათლების სისტემა, მითუმეტეს თუ გავიხსენებთ იმასაც, როგორი დიდი მეცნიერ-პროფესორები მოღვაწეობდნენ უნივერსიტეტში.


გამოყენებული ლიტერატურა:

1. ზაქარია ქიტიაშვილი, ზოგადი განათლების რეფორმა საქართველოში (1991-2013 წლები), დისერტაცია, თბილისი, 2016;

2. შოთა მალაზონია, პედაგოგიკა, თბილისი, 2001;

3. შოთა ბადრიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საბავშვო ალმანახი „ციცინათელა“ N74, 2004;

4. ციური ბერიძე, ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილი, გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“, თბილისი, 2010

5. https://giorgilomouri.wordpress.com/ქართული-განათლების-სისტე/

6. https://mtisambebi.ge/wandering/read/item/593-vaja-pshavelas-moxseneba-mtashi-skolebis-problemebis-shesaxeb

7. http://geworld.ge/ge/დიდ-წინაპართა-ღვაწლი/

8. http://children.wanex.net/istoria/cera_kitx_saz.htm

9. http://nateba.websail.net/videos/289-gogebashvili2-rcheuli

10. http://www.ghn.ge/news/203317


Comments

Popular posts from this blog

განათლების სისტემის გლობალიზაცია

სახელმწიფო (თეორიები სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ)