განათლების სისტემის გლობალიზაცია
ამ ბოლო პერიოდში საქართველოს განათლების სისტემის მდგომარეობა, მისი შემდგომი განვითარების გზები და პერსპექტივა ცხარე მსჯელობასა და კამათს იწვევს. ეს გასაკვირი არცაა, ვინაიდან გლობალიზაციის შეუქცევადი პროცესი ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს ნებისმიერი ქვეყნის განათლების სისტემას. ვიდრე უშუალოდ განათლების სფეროზე ვისაუბრებ, საჭიროდ მიმაჩნია ორიოდე სიტყვით შევეხო გლობალიზაციას. ტერმინი გლობალიზაცია 1961 წელს გაჩნდა ლექსიკონში, თუმცა ამ პროცესზე აქტიური საუბარი 1980-იანი წლებიდან დაიწყო. მეცნიერთა შორის ამ ტერმინის ერთმნიშვნელოვანი განმარტება არ არსებობს. იან შოლტეს განმარტებით „გლობალიზაცია აღნიშნავს პროცესს, რომელთა მეოხებითაც სოციალურ ურთიერთობებს შედარებით ნაკლებად აფერხებს მანძილი და საზღვრები ისე, რომ ადამიანთა ცხოვრება მსოფლიოს, როგორც ერთი მთლიანობის ფარგლებში მიედინება“. ენტონი გიდენსის მოსაზრებით კი „გლობალიზაცია შეიძლება აიხსნას, როგორც იმ მსოფლიო მასშტაბის სოციალურ ურთიერთობათა გაძლიერება, რომლებიც დაშორებულ ადგილებს იმგვარად აკავშირებს ერთმანეთთან, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის პროცესები მრავალი მილის დაშორებით მიმდინარე მოვლენების გავლენას განიცდის და პირიქით“. მოკლედ რომ ვთქვათ, გლობალიზაცია არის ისტორიული პროცესი, რომელიც მსოფლიოს გარდაქმნის ერთიან სისტემად, ერთიანი მახასიათებლებით.
გლობალიზაციასთან დაკავშირებით გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის 1999 წლის ანგარიშში ვკითხულობთ „როცა ბაზარი საკმარისზე შორს მიდის სოციალურ და პოლიტიკურ შედეგებზე გავლენის თვალსაზრისით, გლობალიზაციის სარგებელი არათანაბრად და არაადეკვატურად ნაწილდება. ის თავს იყრის ცალკეული ადამიანების, ერებისა და კორპორაციების ხელში და იწვევს დანარჩენთა მარგინალიზებას“. საზოგადოების მარგინალიზაციის ერთ-ერთი უპირველესი ნიშანი კი განათლების დონის დაქვეითებაა. აქედან გამომდინარე, თუკი რომელიმე სახელმწიფოს სურს რომ განვითარებული სახელმწიფოების რიგებს შეუერთდეს და არ მოხდეს მისი საზოგადოების მარგინალიზება, მაშინ უპირველეს ყოვლისა სწორედ განათლების სფეროს უნდა დაუთმოს განსაკუთრებული ყურადღება. მართალია გლობალიზაცია სტიქიური ხასიათისაა და მას ბევრი ნეგატიური მახასიათებელი ახლავს თან, მაგრამ მისი უგულებელყოფა, არმიღება და მხოლოდ უარყოფით კონტექსტში განხილვა არასწორად მიმაჩნია. ვფიქრობ, რომ გლობალიზაციამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი განათლების სფეროს განვითარებას. განათლების სისტემაში დღეს მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები და რეფორმების მთელი სერია სწორედ გლობალიზაციის ფარგლებში მიმდინარეობს. მართალია განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები სტიქიური ხასიათისაა და შესაბამისად მნიშვნელოვან ხარვეზებსაც აქვს ადგილი, მაგრამ საერთო ჯამში განათლების სისტემაში განხორციელებული ცვლილებები მაინც დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ.
საქართველოს სახელმწიფო XX საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან ჩართული აღმოჩნდა მსოფლიოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში. ცხადია საქართველო მსოფლიო განათლების სისტემაშიც აღმოჩნდა ჩართული და მსოფლიო ბანკის დაფინანსებაც სწორედ ამ მიმართულებით წამოვიდა. განათლების სფეროში მიღებული სამართლებრივი დოკუმენტები სწორედ რომ გლობალიზაციის პროცესის პირობებში იქნა შემუშავებული. ცხადია, ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები და ეროვნული სასწავლო გეგმა, მიუხედავად მის სათაურში ხაზგასმული სიტყვისა „ეროვნული“, სულაც არ წარმოადგენს ეროვნული ხასიათის, უნიკალურ დოკუმენტებს, ვინაიდან აღნიშნულ დოკუმენტებში დასახული მიზნები და ამოცანები ზოგადსაკაცობრიოა, დაწყებული ანტიკური პერიოდიდან დღემდე. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დოკუმენტების შემუშავებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ბოლონიის პროცესში გაწევრიანებამ. ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული დოკუმენტები გადმოტანილ იქნა განვითარებული ქვეყნების საგანმანათლებლო დოკუმენტებიდან. აქედან გამომდინარე თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში დასახული მიზნები სრულყოფილად ვერცერთ პუნქტზე ვერ გადის, რადგანაც აღნიშნული სისტემა არ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მიერ შემუშავებულ მიზნებსა და ამოცანებს. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ აღნიშნული სამართლებრივი დოკუმენტები დასაზუსტებელია. მაგალითად, სახელმწიფოს მიერ დასახული მიზანი, აღზარდოს ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქე, საკმაოდ ზოგადი და არაკონკრეტულია, ანუ ამ მიზანში არ ჩანს საკუთრივ საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიული ხედვა განათლების მიმართულებით, რადგან ლიბერალურ - დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქის აღზრდა ზოგადად XXI საუკუნის მოქალაქის ცნობიერებაა და არა მხოლოდ ქართველი მოქალაქის ცნობიერება.
ამგვარად, როგორც დავინახეთ გლობალიზაციის პროცესმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემაზე. ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის ეროვნული მიზნები გლობალიზაციის პირმშოა, ვინაიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და დამოუკიდებელი საქართველოს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შემუშავება გლობალიზებული მსოფლიოს პირობებში მიმდინარეობდა. ვფიქრობ, მიუხედავად იმისა რომ საგანმანათლებლო სისტემაში მიღებული დოკუმენტები არაკონკრეტულია და საჭიროებს დაზუსტებებს, იგი მაინც წარმოადგენს ღირებულ დოკუმენტებს, ვინაიდან ამ დოკუმენტების შემუშავებით სახელმწიფოს გაუჩნდა მიზანი, თუ როგორი მოქალაქის აღზრდა სურს მას.
საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი გლობალიზაციას საშიშ და ნეგატიურ მოვლენად განიხილავს. მხოლოდ და მხოლოდ მის უარყოფით მხარეებზე აპელირებენ და საერთოდ არ საუბრობენ იმაზე თუ რა სიკეთეები მოიტანა ამ პროცესმა. თუნდაც ის, რომ ამ პრეზენტაციაზე მუშაობისას საოფისე პროგრამა, კომპიუტერი, სმარტფონი თუ ინტერნეტი გამოვიყენე გლობალიზაციის შედეგია, რამაც ჩემი მუშაობის პროცესი საკმაოდ გაამარტივა. როგორც უკვე აღვნიშნე, გლობალიზაცია შეუქცევადი პროცესია და სტიქიურად მოედინება თავისი დადებითი თუ უარყოფითი ფაქტორებით. ამის შეჩერება ხელოვნურად, ვფიქრობ, არასწორი და გაცილებით საშიშია, ვინაიდან თუკი მოვინდომებთ ამ ყველაფრის შეჩერებას მივიღებთ ისეთ სახელმწიფოს, როგორიც იყო საბჭოთა კავშირი, ან როგორიც არის დღეს ჩრდილოეთ კორეა.
ამგვარად, მიმაჩნია რომ განათლების სისტემის გლობალიზაციამ მრავალი სიკეთე მოუტანა ამ სფეროს, თუმცა ამ სიკეთეებთან ერთად უარყოფით ასპექტებსაც აქვს ადგილი. განათლების სისტემაში სხვა ქვეყნების გამოცდილების გადმოტანამ მრავალი ისეთი ინსტიტუტის შექმნა გამოიწვია რომელიც ჩვენი ქვეყნის რეალობაში არ მუშაობს, როგორიც არის მაგალითად სასკოლო თუ საუნივერსიტეტო თვითმართველობები, რაც საქართველოს პირობებში არაეფექტურია და თანხების არამიზნობრივ ხარჯვას იწვევს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ქართველი ხალხი რომ გადაურჩეს გლობალიზაციის ნეგატიურ პროცესებს, საჭიროა ისეთი განათლების სისტემის დანერგვა და განხორციელება, რომელიც დაეფუძნება პედაგოგიკისა და სწავლა-აღზრდის ფასდაუდებელ მემკვიდრეობას, და ასევე გაითვალისწინებს იმ სახელმწიფითა საგანმანათლებლო გამოცდილებას, რომელიც მისაღები და ეფექტური იქნება ქართული განათლების სისტემისათვის.
გამოყენებული ლიტერატურა:
ზაქარია ქიტიაშვილი, ზოგადი განათლების რეფორმა საქართველოში (1991-2013 წწ.), დისერტაცია, თბილისი, 2016;
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, საქართველოს მთავრობის დადგენილება N86, თბილისი, 2004;
იმერი ბასილაძე, განათლება და აღზრდის იდეოლოგია ქვეყნის განვითარების გარანტი, GESJ: Education Science and Psychology 2014 | No.1(27);
გივი ეჟიშვილი, გლობალიზაცია და აღზრდის ეროვნული პრიორიტეტები, VI საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდური კონფერენცია, სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები, შრომები, თბილისი, 2015;
მარინე კობალავა, გლობალიზაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა, II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში, შრომების კრებული, თბილისი, 2017;
დიანა ბოგიშვილი, კულტურათაშორისი აღზრდა და პედაგოგიკა, GESJ: Education Science and Psychology 2014 | No.1(27);
ვახტანგ სართანია, ინტერნაციონალური ტენდენციები უმაღლესი განათლების სისტემაში, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი, გლობალიზაცია და ბიზნესი N2 / 2016;
Comments
Post a Comment