ნეოევრაზიანიზმი და ევრაზიული კავშირი

ჩემი კვლევის საგანია ნეოევრაზიელთა მიერ შემუშავებული ახალი გეოპოლიტიკური დოქტრინა, რომლის პოლიტიკურ პრაქტიკაში განხორციელებაც სურს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ჩემი მიზანია ნეოევრაზიელთა შეხედულებების შესწავლა, მათი წინამორბედების ნაშრომების საფუძველზე და ამ კონტექსტში პუტინის რეალური მიზნის განსაზღვრა. თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში ევრაზიის საკითხი ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს და მას სხვადასხვა ასპექტები გააჩნია. აშშ-რუსეთს შორის დაპირისპირებამ და „ცივი ომის“ დასასრულმა გამოიწვია ორი იდეოლოგიური ბლოკის - ატლანტიზმისა და ევრაზიის დაპირისპირება. ამ ცნებებს გააჩნიათ, როგორც გეოგრაფიული, ისე ცივილიზაციური დატვირთვა, რაც შედეგად ქმნის ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებას და შესაბამისად ახალი მსოფლიო წესრიგის მოწყობის აუცილებლობას. ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნების შემდეგ განაცხადა თავისი „დიდი სტრატეგია“, რომ 2015 წლის ბოლოსთვის იგი შექმნიდა ევრაზიულ კავშირს, რომელშიც გაერთიანებულნი იქნებოდნენ პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოები. ამდენად, პუტინის მისწრაფებებმა მსოფლიოს ახალი თავსატეხი გაუჩინა და როგორც ამ ბოლო ხანებში დავინახეთ, იგი თავისი მიზნის მისაღწევად სამხედრო ოპერაციებზეც არ დაიხევს უკან. ევრაზიულ სივრცეში გასათვალისწინებელია როგორც დასავლეთის, ისე თურქეთის, ირანისა და ჩინეთის ინტერესები, რადგან ამ სივრცეში გავლენის მოპოვება მათთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, ჩემი კვლევის ძირითადი ობიექტია ნეოევრაზიელთა ახალი გეოპოლიტიკური დოქტრინა რომელიც წინამორბედებზე დაყრდნობით რუსმა ფილოსოფოსმა ალექსანდრ დუგინმა შეიმუშავა და რომელიც წარმოადგენს კრემლის სამოქმედო გეგმას. ასევე სამხრეთ კავკასიის როლი და ადგილი ევრაზიულ სივრცეში. ჩემი ამოცანაა შეძლებისდაგვარად განვსაზღვრო და გავაანალიზო ევრაზიის პრობლემა მსოფლიო პოლიტიკაში და დავაკვირდე მის გარშემო არსებულ სიახლეებს.

Comments

Popular posts from this blog

განათლების სისტემის გლობალიზაცია

სახელმწიფო (თეორიები სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ)

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება