მოსწავლის შინაგანი და გარეგანი მოტივაციის განსაზღვრისთვის

 ანოტაცია

ჩემი კვლევის საგანია თანამედროვე განათლების სისტემაში არსებული ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც წარმოადგენს მოსწავლეებში სწავლისადმი მოტივაციის და ინტერესის ზრდას. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, პრაქტიკულად, მოსწავლეთა უმრავლესობა სწავლისადმი იძულებითი მეთოდებით ინტერესდებიან, ანუ მათ არ გააჩნიათ შინაგანი მოტივაცია და მხოლოდ გარეგანი მოტივაციით (იძულებით) არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში. უარეს შემთხვევაში კი მათ ეს გარეგანი მოტივაციაც არ გააჩნიათ, თუმცა, საბედნიეროდ, ეს არც ისე ხშირი შემთხვევაა. აქედან გამომდინარე ისმის კითხვა, მაინც რა არის შინაგანი და გარეგანი მოტივაცია და რას შეუწყობს ხელს ამ საკითხის კვლევა? ჩემი მიზანი სწორედ ამ კითხვაზე სწორი და ნათელი პასუხის პოვნაა, რომელიც სწორ გზაზე დაგვაყენებს პედაგოგებს და მოგვცემს იმ მეთოდებისა და სტრატეგიების განსაზღვრის საშუალებას, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სწავლისადმი ინტერესის ზრდას. 

მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ შერჩეული საკვლევი თემა საკმაოდ აქტუალური და საინტერესოა თანამედროვე პედაგოგიური საქმიანობისათვის, ვინაიდან მასწავლებელთა უმეტესობა დღეს სწორედ აღნიშნული პრობლემის წინაშე დგას. როგორც უკვე აღვნიშნე, მოსწავლეთა მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს გათავისებული რომ სწავლა მათი არამხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაცაა იმისთვის, რომ მომავალში მათი ცხოვრება იყოს უზრუნველყოფილი და ამავე დროს ის ინტელექტუალური რესურსი რასაც დააგროვებენ სწავლის პერიოდში გამოიყენონ სახელმწიფოს განვითარებისა და გაჯანსაღებისათვის. 

აქედან გამომდინარე, მასწავლებელთა პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია ამ მისიის შესრულების პროცესში, რომლის წარმატებით მიღწევაშიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს სწორედ მოსწავლეებში სწავლისადმი მოტივაციის ზრდა წარმოადგენს. ამიტომაც, ჩემი, როგორც ერთ-ერთი დამწყები პედაგოგის ამოცანაა შეძლებისდაგვარად განვსაზღვრო და გავაანალიზო წამოჭრილი პრობლემის არსი და მნიშვნელობა.

მოსწავლის შინაგანი და გარეგანი მოტივაციის განსაზღვრისთვის

დავიწყოთ იქიდან თუ რა არის მოტივაცია? რას ნიშნავს შინაგანი და გარეგანი მოტივაცია? მოტივაციის ცნება ლათინური ენიდან მომდინარეობს, კონკრეტულად სიტყვიდან “movere”, რაც მოძრაობას, მიზნისკენ სწაფვას, მიმართულების მიცემას გულისხმობს. მოტივაცია ფსიქოლოგიაში სწორედ ფსიქიკური და ფიზიკური აქტივობების დაწყების, მათთვის მიმართულების მიცემისა და მართვის პროცესს ეწოდება. თავის მხრივ, მოტივაცია შედგება მექანიზმებისგან, რომლებიც ერთ აქტივობას უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებენ, ვიდრე მეორეს, და შემდეგ არჩეულ აქტივობას, განხორციელების პროცესში,  ენერგიას, სიმტკიცეს და მდგრადობას სძენენ . ანუ მოტივაცია არის ის მამოძრავებელი ძალა, რაც განსაზღვრავს ადამიანის ქცევის მიმართულებას, ძალისხმევის დონესა და შეუპოვრობას, ინტერესს, ცნობისმოყვარეობას, რწმენას, ღირებულებებს, მოლოდინებს, სოციალურ ზეწოლას, დასჯას, შიშს და ა.შ. მოტივაცია ის მთავარი იარაღია მასწავლებლის ხელში, რომლითაც შეუძლია მოსწავლის ჩართვა საგაკვეთილო სწავლა-სწავლების პროცესში. 

როგორც ვიცით, მოტივაცია არის ორი სახის - შინაგანი და გარეგანი მოტივაცია. შინაგანი მოტივაციაა, როდესაც ადამიანის ქცევას განაპირობებს ინტერესი, ცნობისმოყვარეობა, რწმენა, ღირებულებები, მოლოდინი და ა.შ. როდესაც მოსწავლეს გააჩნია შინაგანი მოტივაცია მასთან არ გვჭირდება წახალისება ან დასჯა. ის იმიტომ სწავლობს და ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, რომ მისი ღირებულებები და მოლოდინი განსხვავდება სხვა პასიური მოსწავლეებისაგან, ან მისი ცნობისმოყვარეობა და ინტერესი გაცილებით მაღალია საგაკვეთილო მასალების მიმართ. ასეთ მოსწავლეებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გააჩნიათ და არ უშინდებიან რთულ გამოწვევებს.

გარეგანი მოტივაციის დროს კი, ქცევა ხორციელდება იძულების სახით. ეს იძულება კი შეიძლება იყოს სოციალური ზეწოლა, დასჯის შიში, მშობლის სიამოვნება, კარგი შეფასების მიღება და ა.შ. რათქმაუნდა, მოსწავლის ამგვარი დამოკიდებულება სწავლისადმი არაეფექტურია და დაბალი აკადემიური მოსწრების მაჩვენებელია. ასეთ მოსწავლეებს რისკზე წასვლის შიში აქვთ და ცდილობენ ნაკლებად იაქტიურონ და ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში. 

თანამედროვე სასკოლო განათლება სერიოზული სირთულეებისა და გამოწვევის წინაშე დგას მოსწავლეების მოტივაციის ზრდის კუთხით. მოსწავლეების უმეტესობას, განსაკუთრებით საბაზო საფეხურზე, არ გააჩნიათ შინაგანი მოტივაცია სწავლისადმი და ძირითადად მხოლოდ გარეგანი მოტივაციით კმაყოფილდებიან, ანუ მათ მხოლოდ საკლასო ჟურნალის ფურცელზე დაწერილი ქულა ადარდებთ და არა ის თუ როგორი ხარისხის ცოდნას იღებენ. სწორედ ამის დასტურია ის რომ საბაზო საფეხურის (IX კლასი) დასრულების შემდეგ მოსწავლეთა საკმაოდ დიდი ნაწილი გადის სასკოლო სისტემიდან. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა საშუალო საფეხურზე, სადაც მოსწავლეთა ის ნაწილი აგრძელებს სწავლას, რომელსაც უფრო მეტი შინაგანი თუ გარეგანი მოტივაცია აქვს. მაგრამ საშუალო საფეხურზე საკითხი სულ სხვაგვარად დგება; როგორი მოტივაციითა თუ შემართებით აგრძელებს საშუალო საფეხურზე სწავლას მოსწავლე? აქ საკითხი საკმაოდ რთულად დგას, ვინაიდან მოსწავლეთა უმეტესობის ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში გარეგანი მოტივაცია განსაზღვრავს და არა შინაგანი მოტივაცია.

ამ მხრივ ცალკე პრობლემას წარმოადგენს მშობლის დამოკიდებულება შვილის განათლების ხარისხზე. აქ ვგულისხმობ იმას, რომ მშობელს უფრო მეტად აინტერესებს შვილის მიერ მიღებული ქულა და არა მიღებული განათლების ხარისხი, რაც, ვფიქრობ, შვილის მოტივაციაზეც ისახება და მოსწავლეც ინტერესდება ქულით და არა განათლებით. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ქართულ რეალობაში მოსწავლის სამომავლო პროფესიას, ხშირ შემთხვევაში, არჩევს მშობელი და არა თავად მოსწავლე. ამ დროს ბავშვის ინტერესი სხვა მიმართულებითაა, რომელიც მიუღწეველ ბავშვურ ოცნებად რჩება, ხოლო მშობლის მიერ შერჩეული პროფესიის მიმართ ინტერესი და შინაგანი მოტივაცია არ გააჩნია, თუმცა იძულებულია იმისათვის რომ მშობელს ასიამოვნოს ამ პროფესიას მიჰყვეს. ასეთ დროს კი პრობლემას სწორედ მასწავლებელი აწყდება, რომელიც ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისთვის, რომ ყველა მოსწავლის მოტივაციის ზრდა უზრუნველყოს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩასართავად. მასწავლებლის მოვალეობაა, რომ სასწავლი მასალა მოსწავლის მისწრაფებებს და ინტერესებს დაუქვემდებაროს, რადგან მხოლოდ გარეგანი მოტივაციით განხორციელებული აქტივობები მოსწავლისთვის არაფრის მომტანია და ამგვარი მოტივაციებით სწავლა მალე დავიწყებისთვისაა განწირული.

ჩემს მიერ ზემოთ ნათქვამი სულაც არ გულისხმობს იმას, რომ მასწავლებელმა მხოლოდ მოსწავლის შინაგან მოტივაციაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, ან ყოველთვის მისი შინაგანი მოტივაციის იმედი ქონდეს. მოსწავლეებთან მუშაობისას ზოგჯერ აუცილებელი ხდება მისი გარეგანი მოტივაციის წახალისებაც. მასწავლებლის უმთავრესი გამოწვევაც სწორედ ისაა, თუ როგორ მოახერხოს მოსწავლეში შინაგანი მოტივაციის გაჩენა და შენარჩუნება, თანაც ისე რომ საჭიროების შემთხვევაში გარე სტიმულებიც გამოიყენოს.

მასწავლებლებს შეუძლიათ სხვადასხვა მეთოდები გამოიყენონ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობისა და მოტივაციის ზრდის მიზნით. ასეთ მეთოდებში შეიძლება დავასახელოთ თვალსაჩინოებების და სხვა საგაკვეთილო რესურსების ეფექტური და მიზნობრივი გამოყენება; იმიტირებული დებატების გამართვა და მოდელირებული გაკვეთილების ჩატარება; საგანმანათლებლო თამაშების გამართვა და ასე შემდეგ. საგაკვეთილო აქტივობების გამართვისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური და ასაკობრივი თავისებურებები. ასევე მნიშვნელოვანია სწორად მიცემული უკუკავშირი, რადგან მოსწავლემ ეჭვი არ შეიტანოს საკუთარ შესაძლებლობაში და შეინარჩუნოს საკუთარი თავის რწმენა.


გამოყენებული ლიტერატურა

1. გერიგი; ზიმბარდო, ფსიქოლოგია და ცხოვრება, თსუ, თბილისი, 2010

2. http://dictionary.css.ge/content/motivation

3. https://en.calameo.com/read/004846812f8b3cb1edaad

4. http://nanachutkerashvili.blogspot.com/2018/02/blog-post_19.html


Comments

Popular posts from this blog

განათლების სისტემის გლობალიზაცია

სახელმწიფო (თეორიები სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ)

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება